აქ შენი მომავალია!

კოლეჯის „აისი“ დირექტორი გერმანიის ქალაქ ბონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

კოლეჯის „აისი“ დირექტორი გერმანიის ქალაქ ბონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

კოლეჯის „აისი“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი, გერმანიის ქალაქ ბონში სამუშაო სესიებში მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მიმდინარეობდა პროფესიული განათლების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტში - (BIBB), და ბონის პროფესიულ კოლეჯში (GIZ).

„ეს ვიზიტი ჩემთვის იყო არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობა, არამედ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება იმისა, რომ პროფესიული განათლების განვითარება ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთნდობასა და საერთო პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე. ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, პროფესიული განათლების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტში — (BIBB), ასევე ბონის პროფესიულ კოლეჯსა და (GIZ)-ში, გამართულ შეხვედრებსა და სამუშაო სესიებში მიმეღო მონაწილეობა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იმის დანახვა, თუ როგორ იქცევა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა ხარისხიან პროფესიულ განათლებად, კონკურენტუნარიან კადრებად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეალურ საფუძვლად. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ გამოცდილების გაცნობა, არამედ მისი გააზრება, საქართველოს რეალობასთან ადაპტირება და ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც პროფესიულ განათლებას კიდევ უფრო თანამედროვე, მოქნილ და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ სისტემად აქცევს.

გულწრფელ მადლობას ვუხდი სამინისტროს, ვიზიტის ორგანიზატორებს, მასპინძლებსა და ყველა პარტნიორს მაღალი პროფესიონალიზმისა და გულთბილი მასპინძლობისათვის!“ - აცხადებს მალხაზ ასლამაზაშვილი.

საქართველოს 12 პროფესიული კოლეჯის დირექტორთა ვიზიტი გერმანიაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. სამუშაო სესიები გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა.