მოხალისეთა ორგანიზაციამ კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
კოლეჯში „აისი“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა მოხალისეთა ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“.
შეხვედრას კოლეჯის „აისი“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი, მოადგილეებთან და პროფესიული სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მოხალისეთა მოსამზადებელი კურსების შესახებ.
მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, მისმა მოადგილეებმა და კახეთის ტერიტორიული დანაყოფის მეთაურმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ორგანიზაციის მოსამზადებელი პროგრამები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, აქტიურად ჩაერთონ მოხალისეთა მომზადების პროგრამებში და მომავალში ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით. შეხვედრის დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

