აქ შენი მომავალია!

კოლეჯში „აისი“ ღია კარის დღე გაიმართა

კოლეჯში „აისი“ ღია კარის დღე გაიმართა

კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებიდან მოწვეული უფროსკლასელებისთვის, კოლეჯში „აისი“ ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრის პირველი და განსაკუთრებით ემოციური ნაწილი ოფიციალურ სიტყვით გამოსვლებსა და პრეზენტაციებს დაეთმო.

მოწვეულ სტუმრებს თავდაპირველად, კოლეჯის „აისი“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი მიესალმა. დირექტორმა ახალგაზრდებს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა იმ რეალურ შესაძლებლობებს, რასაც კოლეჯი შრომის ბაზარზე წარმატებული დასაქმებისთვის ქმნის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თამარ სიბოშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პრიორიტეტებს, სახელმწიფოს მხარდაჭერასა და იმ ფართო შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს ამ სფეროში ეხსნებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მუსალბიშვილმა, სტუმრებს რეგიონის განვითარებაში პროფესიული კადრების როლზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბაზარი მუდმივად საჭიროებს კვალიფიციურ და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილ სპეციალისტებს.

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კოლეჯის კურსდამთავრებულის, დარეჯან ჯანიაშვილის გამოსვლა იყო, რომელმაც საკუთარი წარმატების გზასა და კარიერული წინსვლის შესახებ ისაუბრა სკოლის მოსწავლეებთან.

პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია კოლეჯში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების პირობებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი სიახლეების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებლები.

ოფიციალური ნაწილი დასრულდა კოლეჯის ცხოვრების ამსახველი დასამახსოვრებელი ვიდეორგოლის ჩვენებით, რამაც მოსწავლეებს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ დაანახა სასწავლებლის გარემო.